ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, საქმის განხილვა გრძელდება.
მზია ამაღლობელი პროცესს დისტანციურად ესწრება. იგი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ სტიკერი ნამდვილად გააკრა, მაგრამ დაკავების ოქმში რაც წერია, რომ მან სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ტყუილია. დაკავების ოქმის გაყალბებაზე საუბრობენ ადვოკატებიც. მათი განცხადებით, არსებობს ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების დამამტკიცებელი ვიდეო ჩანაწერები. ასევე მათი თქმით, ვიდეოჩანაწერში ამაღლობელის დაკავების დროს ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ, მას სტიკერის გაკვრისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით აკავებენ. დაკავების ოქმის მიხედვით კი მზია ამაღლობელი თითქოს პოლიციელების შეურაცხყოფის გამო 173-ე მუხლით დააკავეს. საწინააღმდეგოს ამტკიცებენ მოწმე სამართალდამცველები. მათი თქმით, მზია ამაღლობელი მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციელებს აქციის მონაწილეების დაკავებაში ხელს უშლიდა. სასამართლო პროცესი დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით გრძელდება. დაიკითხა ადგილზე მომუშავე რამდენიმე ჟურნალისტი, მათ შორის „ნეთგაზეთის“ თანამშრომლები. მათი განცხადებით, ამაღლობელის მხრიდან პოლიციელების მიმართ შეურაცხყოფა არ გაუგიათ.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს, გვიან ღამით, აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობასთან ჯერ ადმინისტრაციული წესით, ერთი საათით დააპატიმრეს, გათავისუფლების შემდეგ კი ბათუმის პოლიციის უფროს, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო ხელმეორედ, უკვე სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს. მზია ამაღლობელი თავს დამნაშავედ არ ცნობს. იგი პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.