ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე. მზია ამაღლობელი პროცესს დისტანციურად ესწრება, იგი თავს სამართალდამრღვევად არ ცნობს და აცხადებს, რომ სტიკერი ნამდვილად გააკრა, მაგრამ რაც დაკავების ოქმში წერია, რომ მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცველებს, ტყუილია. დაკავების ოქმის გაყალბებაზე საუბრობენ ადვოკატებიც. მათი განცხადებით, არსებობს ვიდეოჩანაწერები, რომლითაც ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება დასტურდება. მათი განცხადებით, ვიდეოჩანაწერში ამაღლობელის დაკავების დროს ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით აკავებენ სტიკერის გაკვრისთვის. დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი თითქოს პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს 173-ე მუხლით. საწინააღმდეგოს ამტკიცებენ მოწმე სამართალდამცველები, დღეს პროცესზე სამ მათგანს, მათ შორის ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილეს, გოჩა ვანაძესაც მოუსმინეს. ამ წუთებში კი პროცესზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეებს უსმენენ. წარმოდგენილი იქნება ასევე ვიდეომტკიცებულებებიც. მზია ამაღლობელი 11 იანვარს, გვიან ღამით აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობასთან თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, ერთი საათით დააპატიმრეს, გათავისუფლების შემდეგ კი ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, ხელმეორედ, უკვე სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს. მზია ამაღლობელი თავს დამნაშავედ არ ცნობს. იგი პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.