მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვა დღეს 2 საათი გაგრძელდა. ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. მზია ამაღლობელის ადვოკატმა განაცხადა, რომ მზია ამაღლობელს მხედველობის სერიოზული პრობლემები აქვს და მას შშმ პირის სტატუსი უნდა მიენიჭოს. ასევე მაია მწარიაშვილმა ითხოვა, მზია ამაღლობელი კაბინიდან გამოეშვათ და დარბაზში დაჯდომის უფლება მიეცათ, როგორც ეს წინა პროცესზე მოხდა. ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მზია ამაღლობელის ტელეფონის 10 თვიანი ექსპერტიზა დასრულდა. მზია ამაღლობელი სამართალდამცველებმა ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, აქციის დროს, თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი – ხელმეორედ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. მოსამართლემ ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს ჰქონდა წარდგენილი, გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო წინააღმდეგობაში, მუქარასა ან ძალადობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, ქუთაისში მისი კოლეგები და ოჯახის წევრები ჩავიდნენ. პროცესზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერების და მედიის წარმომადგენლების ნაწილი დაუშვეს.