მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს.

მოსამართლე ნინო სახელაშვილი სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატების დასკვნით სიტყვას მოისმენს. მოსამართლემ, შესაძლოა, განაჩენი დღესვე გამოიტანოს ან მისი გამოცხადება გადადოს.

მზია ამაღლობელი თითქმის შვიდი თვეა, პატიმრობაშია – ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება და ბრალდება  4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

სასამართლოს მიმდინარეობის პარალელურად, მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად გარე პერიმეტრზე შეკრებილი არიან სამოქალაქო აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. ასევე აქციებზე დაკავებული პირების მშობლებიც. შეკრებილები ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდების მოხსნას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

სასამართლოს სხდომას ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები (საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ლიეტუვის, შვეიცარიის, საბერძნეთის საელჩოებისა და ევროკავშირის ოფისის წარმომადგენლები), ასევე ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მედიის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და  რიგითი მოქალაქეები.