ხმაურით დაიწყო დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი, რომელზეც საქმის მთავარ ფიგურანტსა და დაზარალებულად ცნობილ ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს უსმენენ. მზია ამაღლობელის მხარდამჭერების მხრიდან შენობაშიც და შენობის გარეთაც ისმოდა შეძახილები „თავისუფლება მზია ამაღლობელს“. დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა პროტესტის ნიშნად, ხმაურით დატოვა სხდომათა დარბაზი, მოსამართლემ ასევე დარბაზი დაატოვებინა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს, იმ მოტივით, რომ ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში გადასცემდა პროცესს, რაც კანონით აკრძალულია, თუმცა ჟურნალისტის მტკიცებით, პროცესი კანონის შესაბამისად, რამდენიმე წუთის დაგვიანებით გადაიცემოდა. თავად ირაკლი დგებუაძემ დეტალურად ისაუბრა ზოგადად ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ და განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებთან პოლიციას მეგობრული ურთიერთობაც კი ჰქონდა, თუმცა მისი თქმით, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა 11-12 მარტის ღამეს, როდესაც ის გოგონა დააკავეს, რომელმაც პოლიციელს სტიკერი გააკრა. დგებუაძის მტკიცებით, აქციის მონაწილეები, რომლებმაც სამმართველოსთან გადაინაცვლეს, განსაკუთრებით აგრესიულები იყვნენ, ასევე განაცხადა, რომ დაკავებული ორი პირი იყო ნასვამ მდგომარეობაში და შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, დგებუაძის განცხადებით, სწორედ ამ პირებთან დაკავშირებით ჰკითხა ამაღლობელმა მას, თუ რატომ დააკავეს მისი ოჯახის წევრები, რასაც მოჰყვა აგრესია და და სილის გაწვნა.
დგებუაძე უპასუხებს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის შეკითხვებს, პროცესს ესწრება თავად მზია ამაღლობელიც.