მზია ამაღლობელის სასამართლო

15:25, 11.11.2025

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაიწყო. მომხსენებელი – მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილია. სასამართლო მზია ამაღლობელის ადვოკატების სარჩელს განიხილავს, რომლითაც ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 აგვისტოს გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრეს, რითაც მზია ამაღლობელს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მზია ამაღლობელი სამართალდამცველებმა ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს, თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი, ხელმეორედ, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი და გულისხმობდა პოლიციელზე თავდასხმას, გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად ქუთაისში მისი კოლეგები ჩავიდნენ. სასამართლოს სხდომაზე მედიის წარმომადგენლები არ დაუშვეს.

მსგავსი