მზია ამაღლობელის სასამართლო

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს მზია ამაღლობელის საქმის განხილვის ბოლოს წინა პროცესი დასრულდა, დღეს მოსამართლემ ექსპერტს მოუსმინა და შემდეგ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა ბრალდების მხარემ. პროკურატურამ ყველა ის ბრალდება გაიმეორა, რომელსაც ამაღლობელს აქამდე უყენებდნენ, სიტყვის ბოლოს კი განაცხადა, რომ  ბრალდების მხარე მზადაა ამაღლობელს საპროცესო გარიგება შესთავაზოს, რასაც დაცვის მხარისა და მზია ამაღლობელის კოლეგების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, ეს შეთავაზება არის ფაქტობრივად ზეწოლის ტოლფასი, რადგან პროკურატურა დაკავების დღიდან მზადაა ამისთვის და არაერთხელ შესთავაზეს მზია ამაღლობელს ბრალის აღიარება, რასაც იგი არასდროს გააკეთებს. მცირე შეკამათება იყო პოლიციასა და სასამართლო დარბაზიდან გამოსულებს შორის, მაშინ როცა შენობიდან მზია ამაღლობელი ავტომანქანით გაჰყავდათ.  გარეთ მიმდინარე აქციის მონაწილეთა განცხადებით დღეს პოლიცია განსაკუთრებით იყო მობილიზებული და ცდილობდა მზია ამაღლობელთან გამომშვიდობების საშუალება მათთვის არ მიეცა. ბოლო სხდომა პირველ აგვისტოს დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით გაგრძელდება. უცნობია მოსამართლე ნიმო სახელაშვილი გამოაცხადებს თუ არა განაჩენს იმავე დღეს.