მზია ამაღლობელის სასამართლო
ხმაური იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც რამდენიმე წუთის წინ მზია ამაღლობელის პროცესი მოსამართლემ სხვა დარბაზში გადაიტანა. მიზეზი ის გახდა, რომ დარბაზში ხმა არ ისმოდა, რაც დარბაზში მსხდომებმა გააპროტესტეს, რის გამოც მოსამართლემ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი დარბაზიდან გააძევა, მან კი პროტესტი შენობის გარეთ რუპორით და შეძახილებით გააგრძელა, ხმა სასამართლო დარბაზში ისმოდა და სწორედ ეს გახდა ადგილის ცვლილების მიზეზი.
დღეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე, თავად ბრალდებული დაიკითხა. დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდის შესახებ, ამაღლობელს კითხვები პირველად დაუსვეს. მზია ამაღლობელმა საკუთარ პროფესიულ წარსულზე ისაუბრა და თქვა, რომ როცა მან და მისმა მეგობრებმა გაზეთი დაარსეს, აჭარაში რუსული ბაზა იყო. მისი თქმით, ეს არ არის საშიში მაშინ, როცა ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო გაქვს. „ვინმე დგებუაძემ დაიგინა, რომ „სისხლით ჩამსვავდა“ და ჩამსვა. არ ვიცი, შეიძლება რამდენიმე წელი ვიჯდე, რადგან რეჟიმს უნდა ასე“, – ეს განცხადება პროცესზე მზია ამაღლობელმა გააკეთა. პროცესს საერთაშორისო მედიაორგანიზაციებისა და ოთხი ევროპული ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.