ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა 13:00 საათზე განახლდა.
დღევანდელი პროცესი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, რადგან სასამართლოზე, მოწმის სტატუსით, საქმის მთავარი ფიგურანტები – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელია და ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე იკითხებიან. დგებუაძემ დღეს 11-12 იანვრის დაკავებების შესახებ დეტალურად ისაუბრა. მან თქვა რომ აქციის მონაწილეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა აგრესიას და დაკავებაც სამართალდამცველთა შეურაცხყოფას მოჰყვა. ბრალდების შემდეგ იგი დაცვის მხარის შეკითხვებს პასუხობს. დღესვე, დაცვის მხარემ, შუამდგომლობა დააყენა: საქმეზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოკითხვის საკითხზე. როგორც დაცვის მხარე ამბობს, მისი ერთერთი სატელევიზიო ინტერვიუ აჩენს ეჭვს, რომ მან უფრო მეტი იცის საქმეზე, ბრალდების მხარე კი – ამტკიცებს, რომ ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური განცხადება და საქმესთან არანაირი კავშირში არ აქვს. შუამდგომლობასთან დაკავშირებით, მოსამართლე განცხადებას მომდევნო პროცესზე გააკეთებს.