მზია ამაღლობელის სასამართლო

ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამ წუთებში იკითხება აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელია. ის საუბრობს, როგორ მიმდინარეობდა აქციები და რა მოხდა 11-12 იანვარს. დღესვე მოუსმენენ ირაკლი დგებუაძეს.

მანამდე კი ადვოკატებმა ირაკლი კობახიძის გამოკითხვის შუამდგომლობა დააყენეს. საქმე ეხება ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმისას დავალებას ასრულებდა“. აღნიშნული გააპროტესტა პროკურორმა და აღნიშნა, რომ ფაქტის პოლიტიზება ხდება. მოსამართლის თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოკითხვასთან დაკავშირებით, მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს.

მზია ამაღლობელის პროცესს ჩეხეთის, პოლონეთის, დანიისა და ესტონეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან. დღეს ასევე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, მზია ამაღლობელის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეტის“ დამფუძნებლისა და დირექტორის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართეს.