ხმაურიანად წარიმართა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი.
მოსამართლეს ჩვენება მისცა ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელმა, ვისზე ფიზიკურ თავდასხმასაც ბრალდებულს ედავებიან. ირაკლი დგებუაძის განცხადებებს დარბაზში პროტესტი მოჰყვა, გააძევეს რამდენიმე დამსწრე. პოლიციის მაღალჩინოსანმა 11 იანვარს გამართულ აქციაზე განვითარებული პროცესები გაიხსენა და კიდევ ერთხელ გაიმეორა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ნათქვამი, რომლის მიხედვით სილის გარტყმის დროს ტკივილი განიცადა. მას შეკითხვები თავად „ნეტგაზეთის“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელმაც დაუსვა. ამაღლობელი ამტკიცებს, რომ დაკავების შემდეგ დგებუაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, იყო ფიზიკური ძალადობის მცდელობაც. ბათუმის პოლიციის უფროსმა ყველა ბრალდება უარყო. სასამართლო პროცესი შენობასთან მიმდინარე სოლიდარობის აქციის ფონზე მიმდინარეობდა.