მზია ამაღლობელის პროცესი 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი პროცესი მიმდინარეობს, სადაც საქმის მთავარ ფიგურანტსა და დაზარალებულად ცნობილ, ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს უსმენენ.

მზია ამაღლობელის მხარდამჭერების მხრიდან შენობაშიც და შენობის გარეთაც ისმოდა შეძახილები: „თავისუფლება მზია ამაღლობელს“. დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად ხმაურით დატოვა. მოსამართლემ დარბაზი ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს დაატოვებინა იმ მიზეზით, რომ ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში გადასცემდა პროცესს, რაც კანონით აკრძალულია. ჟურნალისტის მტკიცებით, პროცესი, კანონის შესაბამისად, რამდენიმე წუთის დაგვიანებით გადაიცემოდა.

თავად ირაკლი დგებუაძემ დეტალურად ისაუბრა ზოგადად ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ. მან განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებთან პოლიციას მეგობრული ურთიერთობაც კი ჰქონდა, თუმცა, მისი თქმით, სიტუაცია რადიკალურად 11-12 მარტის ღამეს შეიცვალა, როდესაც ის გოგონა დააკავეს, რომელმაც პოლიციელს სტიკერი გააკრა. დგებუაძის მტკიცებით, აქციის მონაწილეები, რომლებმაც სამმართველოსთან გადაინაცვლეს, განსაკუთრებით აგრესიულები იყვნენ. ამასთან, განაცხადა, რომ დაკავებული ორი პირი იყო ნასვამ მდგომარეობაში და შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს. დგებუაძის თქმით, სწორედ ამ პირებთან დაკავშირებით ჰკითხა ამაღლობელმა მას, რატომ დააკავეს მისი ოჯახის წევრები, რასაც მოჰყვა აგრესია და სილის გაწვნა. პროცესს თავად მზია ამაღლობელიც დაესწრო.