მზია ამაღლობელთან დაკავშირებით „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას“ წერილით მიმართავს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე. მისი განცხადებით, დაკავებული ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა და გაერო არის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ბერკეტები სამედიცინო თვალსაზრისით ჩაერიოს ამ საკითხში. ანა დოლიძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის განყოფილების დირექტორს მიმართავს, მოინახულოს მზია ამაღლობელი.
მზია ამაღლობელის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს პარტია „გახარია საქართველოსთვის“. ტატა ხვედელიანის განცხადებით, ქვეყანაში პრივილეგირებული პატიმრები არსებობენ, მაგალითად მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკვე სამი წელია შემსუბუქებულ პირობებში იხდის სასჯელს, ამ დროს კი კრიტიკული მედიის წარმომადგენელი მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაკავებული და 17 დღეა შიმშილობს. ხვედელიანი ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრებს სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს.