უკვე 29-ე დღეა მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის განცხადებით, ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. ზურა ჩხაიძის განმარტებით, პაციენტს უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა, მათ შორის განმეორებითი კვლევები. ის ითვალისწინებს ექიმების რეკომენდაციას და რჩება მონიტორინგის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ ამაღლობელი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება, მასზე ვრცელდება პენიტენციურ სისტემაში არსებული წესები, შესაბამისად, მას უქმე დღეებში უფლებადამცველი ვერ მოინახულებს. სწორედ ამიტომ, ადვოკატის განმარტებით, კლინიკაში დღეს დილით ჟურნალისტთან სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა.