მზია ამაღლობელის ადვოკატების მოთხოვნა

მზია ამაღლობელის გათავისუფლების შუამდგომლობით, ჟურნალისტის ადვოკატები ხვალ სასამართლოს მიმართავენ. ასევე უფლებადამცველების მოთხოვნაა პროკურატურამ უკანონო ბრალდების საქმე შეწყვიტოს და „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც, დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტი. 12 იანვარს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მედია მენეჯერი უკვე 32 დღეა შიმშილობს. ის ამ დრომდე „ვივამედში“ მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას მონიტორინგს უწევს სახალხო დამცველის აპარატი.