მზია ამაღლობელი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

მზია ამაღლობელი პატიმრობაში დარჩა. არგუმენტად ახალი დანაშაულის ჩადენის გაზრდილი საფრთხე დასახელდა.

აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის მიზნით გამართულ დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებას პროტესტი და უკმაყოფილება მოჰყვა დარბაზში და დარბაზს გარეთ, სადაც ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა.

დღევანდელ სხდომაზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია დაიკითხა, რომელიც 11 იანვარს ბათუმში გამართული აქციის დროს თავადაც ადგილზე იმყოფებოდა. პროკურატურის მოწმეს შეკითხვები თავად „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელმაც დაუსვა.

პოლიციის მაღალჩინოსნისა და ამაღლობელის განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია. შემდეგ პროცესზე უკვე ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე უნდა დაკითხონ – სწორედ მასზე თავდასხმის ბრალდება აქვს ჟურნალისტს წაყენებული. გახმაურებულ საქმეზე სამართლებრივი დავა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც იწყება – საია ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევის მოტივით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართავს.