სამი პრემიერ-მინისტრი და მაღალი რანგის სტუმრები არაერთი ქვეყნიდან. საქართველო მასშტაბური ეკონომიკური ღონისძიების მასპინძელია.
„თბილისის აბრეშუმის გზის“ რიგით მეხუთე ფორუმი სტარტს ხვალიდან აიღებს. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის პატრონაჟით დაგეგმილ ღონისძიებას, სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები, გლობალური საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელები და როგორც ადგილობრივი, ისე უცხო ქვეყნების ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. განხილული იქნება ყველა პრიორიტეტული ეკონომიკური მიმართულება. დაკავშირებადობა და ამ კონტექსტში საქართველოს საკვანძო როლის წარმოჩენა – ასეთია წლევანდელი ფორუმის მიზანი, შესაბამისად ღონისძიების სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდებათ, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის, შუა დერეფნის განვითარებისთვის მიმდინარე პროექტების და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ეროვნული ბანკის ორგანიზებით, ფორუმის პარალელურად პირველად გაიმართება ფინანსური სამიტი.