მზადება შიდაპარტიული არჩევნებისთვის

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული არჩევნებისთვის ემზადებიან. ერთ საათში პარტიის ოფისში იმ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაა დაგეგმილი, რომელმაც უნდა განსაზღვროს, როგორ და რა ფორმით შედგება პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. უკვე გადაწყვეტილია, რომ პარტია ახალ თავმჯდომარეს ელექტრონულად აირჩევს, თუმცა სამუშაო ჯგუფმა უნდა განსაზღვროს, რომელ პლატფორმაზე შედგება არჩევნების პროცესი. საორგანიზაციო საკითხებზე მსჯელობის შემდეგ გადაწყდება ისიც, თუ როგორ მოხდება კანდიდატების რეგისტრირება, კონკრეტულად ვის ექნება ხმის მიცემისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

როგორც პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, მისთვის მნიშვნელოვანია ის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პარტიის მხარდამჭერები და წევრები, რადგან სწორედ მათ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, ვინ ჩაუდგება სათავეში „ნაციონალურ მოძრაობას“.