მზადება შიდაპარტიული არჩევნებისთვის „ნაციონალურ მოძრაობაში“

შიდაპარტიული არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ამ ეტაპზე თავმჯდომარეობის სამი კანდიდატის ვინაობაა ცნობილი. არჩევნებში იბრძოლებენ: ნიკა მელია, გიორგი მუმლაძე და გიორგი ჩალაძე. ასევე საუბარი აქტიურად მიმდინარეობს ლევან ხაბეიშვილზე, თუმცა მას ამ დრომდე ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია. პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ აუცილებელია არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდეს და მასში სხვა კანდიდატებმაც მიიღონ მონაწილეობა. არჩევნები, სავარაუდოდ, ელექტრონული წესით ჩატარდება, გადაწყვეტილება პარტიის სამუშაო ჯგუფმა მიიღო. პარალელურად, ჯგუფში კრიტერიუმებთან დაკავშირებით გაგრძელდება მუშაობა. ერთ-ერთი ვერსიით, თავმჯდომარეობის კანდიდატად რეგისტრირებისთვის პოლიტსაბჭოს მინიმუმ სამი წევრის მხარდაჭერა იქნება აუცილებელი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვარაუდობენ, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევას დეკემბრის ბოლომდე შეძლებენ.