მზადება ნატო-ს ვილნიუსის სამიტისთვის

ნატო-ს სამიტს ათასობით სამხედრო და თანამედროვე შეიარაღება დაიცავს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, 11-12 ივლისს ვილნიუსში დაგეგმილი სამიტის დასაცავად სამხედროები, საბრძოლო ავიაცია და თანამედროვე ტექნიკა ალიანსის 16-მა წევრმა გამოყო. მათ შორის არის გერმანია, რომელმაც პეტრიოტის ტიპის 12 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი განათავსა. ისინი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით დარტყმებისგან, ასევე საბრძოლო ავიაციის თავდასხმისგან დაცვას უზრუნველყოფენ. საჰაერო თავდაცვის სისტემები გამოყო ესპანეთმა, ხოლო საფრანგეთმა – თვითმავალი ჰაუბიცები. სამხედრო თვითმფრინავები ლიეტუვაში განათავსა ფინეთმა და დანიამ. ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია ალიანსმა ბალტიის ქვეყნებში საჰაერო თავდაცვის მუდმივმოქმედი სისტემა შექმნას. მომდევნო კვირაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც, რომელიც ვილნიუსის უნივერსიტეტში საჯარო სიტყვით გამოსვლას გეგმავს. ევროპაში ყოფნისას, აშშ-ის ლიდერი ვიზიტს გეგმავს დიდი ბრიტანეთსა და ფინეთშიც.