მზადება მეორე ტურისთვის  

მეორე ტურის წინ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია დანარჩენ ოპოზიციასთან კონსულტაციებს მართავს.

მიზანი ოპოზიციური კანდიდატების ერთობლივი მხარდაჭერა და მრავალპარტიულ ჩრდილოვან კაბინეტზე შეთანხმებაა იმ 20-ვე ქალაქში, სადაც 30 ოქტომბერს მეორე ტური უნდა გაიმართოს. კანდიდატების უმრავლესობა კი „ნაციონალური მოძრაობისაა“. ამ პარტიის ლიდერებისთვის ხელისუფლების დამარცხების გზა კოალიციური მმართველობის იდეის გარშემო ოპოზიციის გაერთიანებაზე გადის. თუმცა, ამ საკითხზე დანარჩენ ოპოზიციურ ძალებს შორის ერთიანი პოზიცია არ არსებობს. საკუთარ ამომრჩევლებს მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს „ლელო“, ასევე „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“, რომლის ლიდერთა ნაწილი 2 ოქტომბერს მიღებულ საკმაოდ დაბალ შედეგს კოალიციური მმართველობის გარშემო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსულტაციების არ გამართვით ხსნის. ასე არ ფიქრობენ „გირჩი“ და „მოქალაქეები“.

თავის მხრივ, გამარჯვებაში დარწმუნებულია მმართველი გუნდი, რომელიც ჩრდილოვანი კაბინეტების იდეას არასერიოზულად უყურებს და ოპონენტებს მარცხის აღიარებისკენ მოუწოდებს.