ამერიკელი მეგა ვარსკვლავის თბილისურ კონცერტამდე ერთი დღე რჩება. ქანიე ვესტი ხვალ „დინამო არენაზე“ ქართველ მსმენელს შეხვდება. გაყიდულია კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი, რაც იმას ნიშნავს, რომ გრანდიოზულ შოუს 70 ათასამდე ადამიანი დაესწრება. დაგეგმილი კონცერტის გამო ხვალ თბილისის მეტრო, ასევე ავტობუსების რამდენიმე ხაზი გახანგრძლივებულად იმუშავებენ და მგზავრებს 13 ივნისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან. რაც შეეხება საგზაო მოძრაობას, 12 ივნისის 07:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე. პირველადი შეზღუდვა შეეხება სლავა მეტრეველისა და გიორგი ცაბაძის ქუჩებს, სადაც გადაადგილება შეზღუდული იქნება „დინამო არენის“ მთავარი შესასვლელებისკენ. შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მიმდებარე ქუჩების გამოყენებით. 12 ივნისის 13:00 საათიდან 13 ივნისის 02:00 საათამდე, საგზაო მოძრაობა სრულად შეიზღუდება: აკაკი წერეთლის გამზირზე – მეტროსადგურ „წერეთლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მიხეილ წინამძღვრიშვილისა და გიორგი ცაბაძის ქუჩების კვეთამდე.
თბილისის მერია, დეტალურ ინფორმაციას, საგზაო მოძრაობის შესახებ, ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.