მზადება ინაუგურაციისთვის

არჩეული პრეზიდენტი ინაუგურაციისთვის ემზადება.

კვირას, 29 დეკემბერს მიხეილ ყაველაშვილი კონსტიტუციაზე ფიცს დადებს და საპრეზიდენტო უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება. 40-წუთიანი ცერემონია საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში გაიმართება. ინაუგურაციას დაესწრებიან 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომლებიც დეპუტატებს, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების და საკრებულოების წევრებს აერთიანებს. მიწვეულ სტუმრებს შორის არიან მთავრობის წევრები და საპატრიარქოს წარმომადგენლები. ღონისძიებაზე არ მიუწვევიათ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. სპეციალურად ინაუგურაციის დღისთვის დაბეჭდილია საინაუგურაციო კონსტიტუციის სამი ეგზემპლარი. ოპოზიცია 29 დეკემბერს დაგეგმილ ცერემონიას, ისევე როგორც მთელ პარლამენტსა და არაპირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს არალეგიტიმურად აცხადებს.