მზადება ელექტრონული არჩევნებისთვის

ხმაურიანი შეხვედრა ცესკო-ს პირველ პირთან. ოპოზიციის ნაწილი გიორგი კალანდარიშვილს უნდობლობას უცხადებს. ელექტრონული ტექნოლოგიების სისტემის გასაცნობად გამართული შეხვედრა მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა. უთანხმოება მოხდა თავად ოპოზიციურ პარტიებს შორისაც. 2024 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები ხმის ელექტრონულად მთვლელი აპარატებით უნდა ჩატარდეს. თუმცა, ოპოზიციური ძალების ნაწილი პროცესის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი და პროცესში გაყალბების რისკებს მაინც უშვებს. უთანხმოების თემაა ქართველი ემიგრანტების მონაწილეობაც. ოპოზიცია მათი ხმების დაკარგვის პრევენციისთვის უცხოეთში საარჩევნო უბნების დამატებას ითხოვს. არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად ხელისუფლების ოპონენტთა დღის წესრიგში აქტიურდება ცესკო-ს თავმჯდომარის ლეგიტიმაციის საკითხიც. ოპოზიციური პარტიები საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ხელისუფლების მიერ მართულად მიიჩნევენ და საკუთარ პოზიციას მისი არჩევის წესის ცვლილებითაც ამყარებენ.