მზადება დამოუკიდებლობის დღისთვის აჭარაში
აჭარაში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მზადება მიმდინარეობს. 17:10 საათზე, საქართველოს ყველა დიდი ქალაქის მსგავსად, ექვსივე მუნიციპალიტეტში შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ქობულეთში დაგეგმილია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის ყვავილებით შემკობა. ხულოში კი თარიღის აღნიშვნა სახალხო მსვლელობით გაიხსნება. გაიმართება სპორტული შეჯიბრებები, მოეწყობა ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთებისა გამოფენა-გაყიდვა. საღამოს კი გალა-კონცერტი გაიმართება.
შეჯიბრებები, გამოფენა-გაყიდვა და კონცერტი დაგეგმილია ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებშიც, სადაც მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ანსამბლები წარდგებიან. რაც შეეხება ბათუმს, მასშტაბური სახალხო დღესასწაულის მთავარი ლოკაცია ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია იქნება. მთელი დღის განმავლობაში მოწყობილი იქნება შემეცნებითი და სპორტული კუთხეები. სპორტის მოყვარულებისთვის განსაკუთრებულ გარემოს შექმნის საფეხბურთო კლუბის, „დინამო ბათუმის“ გულშემატკივრების სპეციალური სტენდი.