26 მაისისთვის მზადება დაწყებულია. საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებისთვის, თავისუფლების მოედანზე პირველი რეპეტიცია გამართეს. სამხედროების მონაწილეობით ქვეყნის მთავარი ღონისძიების მზადების პროცესს, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაესწრო. რეპეტიციას დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობის ხელმძღვანელები. რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმაც, რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცის დადებისთვის ემზადებიან. თავისუფლების მოედნის გარდა, რეკრუტები ფიცს დადებენ კიდევ ხუთ ისტორიულ ადგილზე. დამოუკიდებლობის დღეს ტრადიციულად, სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა საქართველოს 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გაიმართება.