მზადება ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულისთვის

ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადებიან საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარშიც – სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება 23:00 საათზე დაიწყება. ლიტურგიის მიმდინარეობისას გავრცელდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს ეპისტოლე, ტრადიციულად სულიერი და საზოგადოებრივი შინაარსის გზავნილია. პატრიარქი, როგორც წესი, ყურადღებას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და გამოწვევებზე ამახვილებს. დღესვე, სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ წმინდა ცეცხლს, რომელიც მოგვიანებით მთელ საქართველოში გავრცელდება. წმინდა ცეცხლს საქართველოში „ჯორჯიან ეარვეისის“ რეისით ჩამოიტანენ, ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 წუთზე დაეშვება.