მზადება არჩევნებისთვის - ოპოზიციის გეგმები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკურ სპექტრში კვლავ ისმის კითხვები ოპოზიციური ალიანსების ჩამოყალიბების საკითხზე, თუმცა ამ დრომდე „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ერთობის გარდა, უცნობია ვინ რა ფორმით წარდგება არჩევნებზე.

„ლელოში“ აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე პარტიაში რაიმე სახის წინასაარჩევნო კოალიციაზე საუბარი არცერთ პოლიტიკურ აქტორთან არ განიხილება. ამავე პოზიციაზე არიან ,,ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის თანაგუნდელები, რომელთაც ხელისუფლების ცვლილების მთავარ გზად დამოუკიდებელი პოლიტიკური პოზიციონირება ესახებათ. წინასაარჩევნოდ შესაძლო გადაჯგუფებებს ეხმაურებიან „გირჩშიც“. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ , მმართველი პარტიის წევრებს მიაჩნიათ, რომ ოპოზიცია დანაწევრებულია, მათი ქმედებები კი არაკოორდინირებული.