მზადება არჩევნებისთვის - დაპირისპირება ოპოზიციაში

მომდევნო კვირას გახდება ცნობილი, ვის წარადგენს მმართველი გუნდი თბილისის მერობის კანდიდატად.

წინასწარ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ამ პოსტზე დიდი ალბათობით კენჭს კვლავ მოქმედი მერი იყრის. ხელისუფლება 64-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვებაში დარწმუნებულია. ოპტიმისტური პროგნოზები აქვს იმ ორ ოპოზიციურ ძალასაც, რომელთა პოზიციებმა ოპოზიციურ ფლანგზე სერიოზული ბზარები გააჩინეს და დაპირისპირება გააღრმავეს. საარჩევნო მემორანდუმის გაფორმების შემდეგ „ლელოს“ და გიორგი გახარიას პარტიას შორის საერთო კანდიდატების შესარჩევად კონსულტაციები დაიწყო. აქცენტი ნეიტრალურ, უპარტიო კანდიდატებზე კეთდება, თუმცა არც პარტიული სახეების შერჩევა გამოირიცხება. მათ გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებს სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმის მონაწილე დანარჩენი ოპოზიცია, რომელიც მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტირების კამპანიისთვის ემზადება. რადიკალური განცხადებების ფონზე ბოიკოტის მომხრე ორმა პოლიტიკურმა ძალამ, კოალიციამ „ცვლილებებისთვის“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცესკოს საარჩევნო ნომრების შენარჩუნების თხოვნით მიმართა.