გაძლიერებული საერთაშორისო ზეწოლის ფონზე უთანხმოება კიდევ უფრო მძაფრდება ორი ოპოზიციური პარტიის არჩევანის გარშემო.
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო „ლელოსა“ და გიორგი გახარიას პარტიის მისამართით მწვავე კრიტიკა არ წყდება. თავის მხრივ არჩევნების ბოიკოტის მომხრე პოლიტიკურ ძალებს სამოქმედო გეგმის არ არსებობაზე მიუთითებს ყოფილი პრემიერის გუნდი. ექს-პრემიერის პარტიის მსგავსად, პოზიციის შეცვლას არ აპირებს „ლელოც“, რომელიც დარწმუნებულია, რომ მერების და საკრებულოების არჩევნებში ჩართვით ხელისუფლებას ძალაუფლების სრული კონცენტრაციის და პოლიტიკური აქტორების მარგინალიზაციის გეგმას ჩაუშლიან. არგუმენტები მიუღებელია დანარჩენი ოპოზიციისთვის, რომლისთვისაც ხელისუფლების ცვლილების და ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევის გზა მისი ლეგიტიმაციის არაღიარებაზე და ბოიკოტზე გადის. გაყოფილი პოზიციების და სახელმწიფო ინსტიტუციების არ აღიარების ფონზე ცესკო-ში შვიდი პოლიტიკური ძალის განაცხადი გაიგზავნა. შვიდივე სუბიექტი საარჩევნო ნომრების შენარჩუნებას ითხოვს.