მზადება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის

დღეს, დიდ შაბათს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ყველა მოქმედი ტაძრის გარშემო დილით გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდა. სასულიერო პირებმა გარდამოხსნა, რომელზეც ჯვრიდან ჩამოხსნილი გარდაცვლილი უფალია გამოსახული, ტაძრებს შემოატარეს.

გარდამოხსნის შემოტარება სიმბოლურად მაცხოვრისთვის წესის აგებასა და მის საფლავში დადებას განასახიერებს. სახარების მიხედვით, საფლავში დაფლულ უფალთან დილაადრიან მენელსაცხებლე დედები მივიდნენ. მათ ნელსაცხებელი მიჰქონდათ, მაგრამ საფლავზე მიდებული ლოდი გადაგორებული დახვდათ, ხოლო უფლის ანგელოზმა მათ აუწყა, რომ უფალი აღდგა.

დღეს, 23:00 საათზე ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში სააღდგომო ლიტურგია დაიწყება. სამების საკათედრო ტაძარში კი ლიტურგიას ილია მეორე აღავლენს.