myvideo.ge 3000 ლარით დაჯარიმდა

კომუნიკაციების  ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტ პორტალი myvideo.ge  3000 ლარით დააჯარიმა. საქმე პორტალის მიერ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირებას ეხება, რისი შეწყვეტის მოთხოვნა და გაფრთხილება კომპანია „აი-თი-დი-სიმ“ კომისიისგან ერთი კვირის წინ გამართულ სხდომაზე მიიღო.

myvideo.ge-ის მიერ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, კომისიამ დღეს უკვე მათ დაჯარიმებაზე იმსჯელა. „აი-თი-დი-სის“ წარმომადგენლები სხდომას არ დასწრებიან, მათ მარეგულირებელ კომისიას წერილით მიმართეს და აცნობეს, რომ გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებენ.

კომისიაში  აცხადებენ, რომ კომპანიის მხრიდან დისკრიმინაციულ მიდგომაზე საუბარი უსაფუძვლოა, რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელს ფეხბურთის 2018 წლის ჩემპიონატის ჩვენების ექსკლუზიური უფლება აქვს და ინტერნეტპორტალმა არა პირატული ღია სიგნალი, არამედ მხოლოდ მაუწყებლის მიერ მიწოდებული პარამეტრები უნდა გამოიყენოს, სადაც საფეხბურთო მატჩები ავტომატურად ითიშება.