მყინვარული ხეობების კვლევის შედეგები

18:15, 16.01.2026

მყინვარები არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი სიმდიდრე, თუმცა, გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე, მყინვარებს სტიქიური საფრთხეებიც უკავშირდება, რაც შოვის ტრაგედიამ ორიოდე წლის წინ თითოეულ ჩვენგანს ძალიან მტკივნეულად შეგვახსენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მყინვარული ხეობების კვლევის შედეგებთან დაკავშირებით შვეიცარიული კომპანია GEOTEST-ის ექსპერტ დანიელ ტობლერთან შეხვედრისას განაცხადა. კომპანია GEOTEST-ის ექსპერტმა, რომელთანაც მყინვარულ ხეობებში ბუნებრივი საფრთხეების კვლევის მიზნით ხელშეკრულება 2024 წელს გაფორმდა, კვლევის შედეგები დღეს საქართველოს მთავრობის მეთაურს წარუდგინა. მსგავსი მასშტაბის კვლევა, რომლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით საფრთხეები 22 მყინვარულ ხეობაში შეფასდა, საქართველოში ისტორიაში პირველად განხორციელდა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მყისიერი საფრთხე არ არსებობს, თუმცა დადგენილია ის გეოგრაფიული არეალები, სადაც არსებობს გამოწვევები და რისკების მართვის მიზნით აუცილებელია თანამედროვე მონიტორინგის სისტემების განთავსება. მონიტორინგის სისტემის განთავსების პროცესი მიმდინარე წლიდან დაიწყება და ეტაპობრივად განხორციელდება. პროცესის კოორდინაციის მიზნით მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმი.

მსგავსი