მწვავე დებატები ევროსაბჭოში

„ევროსაბჭოში რუსულმა ფულმა გაიმარჯვა“, – ამ სიტყვებით შეაფასა უკრაინელმა დეპუტატმა გადაწყვეტილება, რომლითაც სტრასბურგში გამართული გუშინდელი კენჭისყრა დასრულდა.

96 ხმით 44-ის წინააღმდეგ, რუსეთს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილება სრულად აღუდგა. შესაბამისად, ორგანიზაციამ მხარი არ დაუჭირა ქართული, უკრაინული და ბალტიის ქვეყნების დელეგაციების ერთობლივ ინიციატივას, რომელიც საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის და საერთაშორისო ვალდებულებების იგნორირების გამო რუსეთისთვის უფლებამოსილების შეზღუდვას გულისხმობდა. იმ არგუმენტებს შორის, რომლითაც რეზოლუციის ავტორმა უფლებამოსილების აღდგენა ახსნა, რუსეთის მიერ ევროსაბჭოსთვის საწევროს გადახდაც არის მითითებული.

კენჭისყრას წინ მწვავე დებატები და ხმაურიანი გამოსვლები უძღოდა.