„მწვანე კვირეული“ – ქართული პავილიონი ბერლინში
ბერლინში, საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული“ ქართული პავილიონი გაიხსნა. 15-მა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების აგროსასურსათო პროდუქცია გააცნო. ქართულ პავილიონში წარმოდგენილი იყო ღვინო, სპირტიანი სასმელები, ორგანული წვენები, თაფლი, სანელებლები, ასევე ხილისა და ბოსტნეულის საკონსერვო ნაწარმი. ქართული სტენდის სტუმრებს ქართული კერძების დაგემოვნების საშუალებაც ჰქონდათ. „მწვანე კვირეული“ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც სოფლის მეურნეობის, სურსათისა და მებაღეობის სექტორებს მოიცავს. გამოფენა 16 იანვარს გაიხსნა და 25 იანვარს დასრულდება. მასში 50 ქვეყნიდან 1,600-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს მონაწილეობას.