„მწვანე ხაზები“ - სად იკრძალება მშენებლობა

„პარლამენტის მწვანე ინიციატივების“ ფარგლებში,  ახალი ტერმინი „მწვანე ხაზები“ ჩნდება. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ამიერიდან რეკრეაციულ და დაცულ ზონებში, სადაც მწვანე ხაზები იქნება გავლებული, ნებისმიერი სახის მშენებლობა აიკრძალება.

ამ ინიციატივას მოიცავს ის პროექტი, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა. პროექტის მიხედვით, გამკაცრდება რეგულაციები ტყის შესანარჩუნებლად, პრიორიტეტებს შორის სახელდება საწარმოო პროცესის შედეგად ჰაერის დაბინძურების თავიდან აცილება და გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობა. აღნიშნულ პროექტზე, პარლამენტში მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა უმრავლესობა გეგმავს, რომ პროცესში საერთაშორისო ექსპერტები ჩართოს და კანონპროექტები საშემოდგომო სესიაზე წარადგინოს.