„მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მინისტერიალი ბაქოში
საქართველო მონაწილეობს იმ ფორუმში, რომელსაც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გასაზრდელად განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.
ბაქოში იმ მასშტაბური პროექტის მომავალზე მსჯელობენ, რომელშიც ჩვენი ქვეყანა აზერბაიჯანთან, რუმინეთთან და უნგრეთთან ერთად მონაწილეობს. საუბარია სამხრეთ კავკასიისა და ევროპის დამაკავშირებელ ისტორიულ ინიციატივაზე, იგივე მწვანე ენერგეტიკულ დერეფანზე, რომელიც ენერგეტიკულ თანამშრომლობას და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას გულისხმობს. პროექტის ტექნიკური კვლევები სრულდება – საქართველო მასშტაბურ ინიციატივაში მონაწილეობით შიდა ენერგოწარმოების და ენერგორესურსების ექსპორტის ზრდას და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას ელოდება. მწვანე ენერგეტიკული დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელიც, რომელმაც აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგია ევროპას უნდა მიაწოდოს.