მუსლიმი თემის სარჩელის განხილვა ბათუმში

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით მერიის წინააღმდეგ მუსლიმი თემის სარჩელის განხილვა 12 ივნისს განახლდება.

რამდენჯერმე გადადებული პროცესი დღეს მხარეთა პაექრობის შემდეგ ისევ გადაიდო. მოსამართლემ ერთი თვის წინ პროცესი იმ მოტივით გადადო, რომ დავა მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტილიყო, რაც მერიის წარმომადგენელმა მოითხოვა, თუმცა დღემდე მერიას მუსლიმ თემთან შეხვედრა ამ თემაზე არ გაუმართავს.

დღევანდელ პროცესზე მერიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ მიმდინარე მნიშვნელოვანი ღონისძიებების გამო შეხვედრისთვის დრო ვერ გამოძებნეს. მუსლიმები წლებია ითხოვენ ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების უფლებას. თავდაპირველად ისინი სახელმწიფოს მიწის გამოყოფას სთხოვდნენ მეჩეთის ასაშენებლად. 2017 წელს კი მიწის ნაკვეთი თავად შეიძინეს, სადაც მეჩეთის აშენებას გეგმავდნენ, თუმცა ბათუმის მერიამ ამ ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებელი პროცესის პირველივე ეტაპზე უარი უთხრა, რაც მუსლიმმა თემმა სასამართლოში გაასაჩივრა.