მუქარა სალომე ზურაბიშვილის ოჯახის წევრებზე

პირი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს და მის შვილებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, იდენტიფიცირებულია.

პრეზიდენტობის კანდიდატმა სამართალდამცავებს უკვე გადასცა მუქარის და უცენზური სიტყვების შემცველი აუდიო და ტექსტური შეტყობინებები. მითითებულ მტკიცებულებებს გაეცნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომლებსაც ზურაბიშვილი პირადად შეხვდა.

საუბარია ქართველ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეზე, რომელიც ამ დროისთვის უკრაინაში იბრძვის.

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე მუქარის მუხლით არის აღძრული. პრეზიდენტობის კანდიდატი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი ადამიანისგან მართულ და რამდენიმე ადამიანის მონაწილეობით მიმდინარე ერთიან კამპანიაზე საუბრობს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მათ კავშირებზე მიუთითებს.