მუქარა პოლიციელების მიმართ - გამოხმაურება

აჭარაში, ოპოზიციის ადგილობრივი წარმომადგენელი, ასლან ვაშაყმაძე, რომელიც უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ირაკლი ოქრუაშვილის პარტიიდან იყრიდა კენჭს, პოლიციელებს ემუქრება. სკანდალურ ფეისბუქლაივში ვაშაყმაძე თანამოაზრეებს მოუწოდებს, სამართალდამცველებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ოქრუაშვილის პარტიის წევრის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვას, რომელშიც მან მოსახლეობას პოლიციის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებისკენ მოუწოდა, ბათუმში ოპოზიციური პარტიების ლიდერები ემიჯნებიან.

ვაშაყმაძის განცხადებასთან დაკავშირებით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ გამოძიება ჯერ არ დაწყებულა, თუმცა მოწოდება დანაშაულის ნიშნების შემცველია.

ასლან ვაშაყმაძემ მოგვიანებით ფეისბუქპოსტი წაშალა. მისი თქმით, პოლიციელების მიმართ მუქარის შემცვლელი განცხადებები დაუფიქრებლად გააკეთა.