მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის სამუშაო ვიზიტი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოდულური შენობების მწარმოებელ ქარხანას ეწვია. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გაეცნო მოდულური სკოლების წარმოების პროცესს, თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებს, გამოყენებულ მასალებსა და კონსტრუქციულ გადაწყვეტას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოდულური კონსტრუქციების ტექნიკურ და ხარისხობრივ მახასიათებლებს, უსაფრთხოების სტანდარტებს, თბოიზოლაციას, ენერგოეფექტიანობასა და საგანმანათლებლო სივრცეების მოწყობის შესაძლებლობებს. მოდულური მშენებლობის ტექნოლოგია ითვალისწინებს შენობის ცალკეული კონსტრუქციული ელემენტების ქარხნულ პირობებში დამზადებასა და შემდგომ სამშენებლო მოედანზე აწყობას. მუნიციპალური განვითარების ფონდი, მოდულური კონსტრუქციების გამოყენების შესაძლებლობას, დროებითი სასკოლო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად განიხილავს, რაც ძირითადი სასკოლო შენობების მშენებლობისა თუ რეაბილიტაციის პერიოდში, მოსწავლეთა შესაბამისი სივრცეებით უზრუნველყოფასა და სასწავლო პროცესის უწყვეტობას შეუწყობს ხელს.