ტრანსპორტის ახალი სატარიფო პოლიტიკის გამო თბილისის მერია ოპოზიციის მწვავე კრიტიკის ადრესატია.
საკრებულოში დაპირისპირების მიზეზი გახდა გადაწყვეტილება, რომელიც ერთჯერადად ავტობუსებით და სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ახალ ტარიფს და საზოგადოებრივ ტრანსპორტში სხვადასხვა ვადიანი აბონემენტების დანერგვას გულისხმობს. ოპოზიცია საკითხის მხარდაჭერას არ აპირებს და ამტკიცებს, რომ დედაქალაქის მთავრობა მოსახლეობას ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე მგზავრობას უძვირებს. მმართველი პარტია კი ხაზს უსვამს, რომ იცვლება მხოლოდ ერთჯერადი მგზავრობის ფასი, აბონემენტების შეძენით კი ტრანსპორტის ხშირი მომხმარებლები თანხას პირიქით დაზოგავენ. 400 000 ადამიანისთვის კი უფასო და შეღავათიანი მგზავრობის უფლება ნარჩუნდება. მგზავრობის ხანგრძლივობის და ვადების მიხედვით აბონემენტის ფასი ერთი ლარიდან იწყება და 250 ლარამდე ადის. მერიაში განმარტავენ, რომ მგზავრობის სიხშირის მიხედვით აბონემენტის სწორად შერჩევა მგზავრობას პირიქით გააიაფებს. პირველი თებერვლიდან ასამოქმედებელ გადახდის ახალ სისტემას უკმაყოფილება მოჰყვა მოქალაქეების ნაწილშიც.