სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის-მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პატიმრის წამების ფაქტზე ბრალდებული, მუხაძე – მეტსახელად „ქილერა“ – დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2011 წლის მაისში, მე-8 დაწესებულებაში, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება და ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში, თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე, ჩვენების მიცემა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი – გაუპატიურებით დაემუქრნენ. ასევე, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, დაკავების საფუძვლის შესაქმნელად აღნიშნულ პირს, ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი არაერთხელ დაკითხეს, ასევე ხდებოდა მისი დაპირისპირება ე.წ. ტერაქტში თითქოსდა მხილებულ სხვა პირებთან. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, მეგის ქარდავამ პატიმარს თავზე პისტოლეტი დაადო და დახვრეტის იმიტაცია მოახდინა. ცემის, წამების, სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელების და ფიზიკური შეურაცხყოფის გაგრძელების შიშით, დაზარალებული იძულებული გახდა ხელი მოეწერა აღიარებითი ჩვენებისთვის. განხორციელებული წამების არაერთი ფაქტის გამო, დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა. თბილისის საქალაქო სასამართლომ, ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო მოხელის მიერ თავისუფლება შეზღუდული პირის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული წამების ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. აღნიშნულ ფაქტზე, მეგის ქარდავას, ოლეგ ფაცაციას და ვიქტორ ყაჭეიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი და თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითად განხილვა მიმდინარეობს.