მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებამდე, მე-11-ე მოწვევის პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. პროცესი ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს. საკუთარი ხედვა და სამოქმედო გეგმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დღეს ძალოვანი უწყებების მინისტრობის კანდიდატებმა წარადგინეს. დეპუტატების და საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მინისტრობის ორი ახალი კანდიდატისკენ იყო მიმართული. ანრი ოხანაშვილი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მომავალი ხელმძღვანელი იქნება, მთავარ აქცენტს იუსტიციის სერვისების გაუმჯობესებასა და ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან კიდევ უფრო დაახლოებაზე აკეთებს. 2030 წელს ევროკავშირის გაფართოებისთვის საქართველოს მომზადება იქნება, მინისტრობის კიდევ ერთი ახალი კანდიდატის, მაკა ბოჭორიშვილის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაც. საგარეო უწყების მომავალი ხელმძღვანელი განსაკუთრებულ პრიორიტეტად ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობებს ასახელებს, თუმცა პროცესში დასავლელ პარტნიორებს ულტიმატუმების ნაცვლად კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს.