საქართველოს პარლამენტმა „ნარკომანიასთან ბრძოლის შესახებ“ მთავრობის ახალ ინიციატივაზე მსჯელობა დაიწყო. კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა, პირველი მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტის მხარდაჭერა მიიღო. ახალი ინიციატივის მიხედვით, ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება სრულად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავა და ამ მომსახურების გაწევა კერძო სუბიექტებს აეკრძალებათ. სხვადასხვა კომპანიას ასევე ეზღუდება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი, ეს მიმართულებაც სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. ცვლილებები ჩანაცვლებითი თერაპიის შემთხვევაში მიმდინარე წლის 15 აგვისტოდან უნდა ამოქმედდეს, ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის მიმართულებით კი – 1-ლი ოქტომბრიდან.
ინიციატივას საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით, მიმდინარე კვირას რიგგარეშე სესიაზე განიხილავს.