მთავრობის განახლებული შემადგენლობა

პარლამენტს ტოვებს მმართველი პარტიის სამი წევრი – მაკა ბოჭორიშვილი, ანრი ოხანაშვილი და დავით სონღულაშვილი საკანონმდებლო ორგანოდან მთავრობაში ინაცვლებენ.

ევროინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატია, იურიდიული კომიტეტის ყოფილ ხელმძღვანელს იუსტიციის სამინისტროს აბარებენ, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ექს-თავმჯდომარე კი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრადაა წარდგენილი. შესაბამისად, მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნებიან ილია დარჩიაშვილი, რატი ბრეგაძე და ოთარ შამუგია. სამივე მათგანმა თავის დროზე მინისტრის პორტფელი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს მიიღო. რა გახდა ცვლილებების მიზეზი და რა ნიშნით შეირჩნენ მომავალი მინისტრები – პრემიერს დღეს მიზეზებზე არ უსაუბრია.

მთავრობის განახლებული შემადგენლობისადმი ნდობის გამოცხადების პროცედურა ხვალიდან დაიწყება. მმართველ პარტიას ახალი მოწვევის პარლამენტში 89 მანდატი აქვს. ამიტომ ნდობის გამოცხადების პროცესს საფრთხე არ ემუქრება.