მთავრობის გადაწყვეტილება

საქართველოს მთავრობამ „კოვიდ-19“-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ფართომასშტაბიანი კვლევა დაიწყო. განვითარების პარტნიორებს, რომლებთანაც კვლევის დეტალებზე შიდა კონსულტაციები უკვე დასრულდა, საქართველოს პრემიერი დღეს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად შეხვდა. დამოუკიდებელი კვლევის ფარგლებში გაანალიზდება, რა გავლენა მოახდინა კრიზისმა სოციალური, ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი მიმართულებით, ასევე, როგორია სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა. შეფასდება მთავრობის ქმედებები საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის მართვის პროცესში არსებული გამოწვევები და „კოვიდ-19“-ის გავლენა საქართველოს მოწყვლად მოსახლეობაზე. კვლევის ფარგლებში, ასევე შემუშავდება რეკომენდაციები.

პანდემიაზე რეაგირების პროცესში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმა გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ლუიზა ვინტონი.  გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისთვის, კვლევაში მთავრობის რეაგირების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტებია პანდემიის დროს ადამიანის უფლებების დაცვისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხები.

კვლევას, რომელიც ასევე უზრუნველყოფს პანდემიის პირობებში კრიზისების მართვის, სამართლებრივი სისტემისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემების შეფასებას, გაერო-ს რვა სააგენტო და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ერთობლივად განახორციელებენ.

დატოვე კომენტარი