მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი 2025 წლის ანგარიშს აქვეყნებს. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, გასულ წელს, სახელმწიფო პროგრამებიდან და შესყიდვებიდან ბიუჯეტის სასარგებლოდ 67 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, 2026 წლიდან იცვლება სახელმწიფო შესყიდვების მოდელი, რომელიც „თეთრ სიაში“ მოხვედრის განსხვავებულ კრიტერიუმებს აწესებს. კერძოდ, კომპანიებისთვის, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებსა თუ ტენდერებში მონაწილეობენ, მათთვის წარსადგენი საბანკო გარანტიები 2029 წლამდე ეტაპობრივად გაიზრდება. კიდევ ერთი სიახლე – ახალი, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნას უკავშირდება, რომელიც მსხვილ სახელმწიფო შესყიდვებს უზრუნველყოფს. ეს კი – იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაციები თავად აღარ გამოაცხადებენ ტენდერებს და შესყიდვების მთლიან პროცესს სწორედ აღნიშნული უწყება წარმართავს.