მთავრობის ახალი ინიციატივა
ნარკოტიკების ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებს ბენეფიციარებს კერძო დაწესებულებები ვეღარ შესთავაზებენ. კერძო სუბიექტებს ამ უფლებას ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი ართმევს. მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული ინიციატივა გულისხმობს, რომ მეტადონის და ბუპრენორფინის პრეპარატებით ჩანაცვლების პროგრამები მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებში იმოქმედებს, სადაც კონტროლის გამკაცრება იგეგმება. გადაწყვეტილების მიზეზად კომერციული ინტერესებისთვის ნარკოტიკების ლეგალურად მიწოდების პრაქტიკის აღკვეთა და მხოლოდ პაციენტის განკურნებაზე ზრუნვა სახელდება. დაანონსებულმა ცვლილებებმა უკვე გამოიწვია რეზონანსი, განსაკუთრებით მძიმეა რეაქციები ჩანაცვლებით თერაპიებზე მომუშავე კერძო სამკურნალო დაწესებულებებისგან. ბოლო მონაცემებით, მსგავს დაწესებულებებს 10 000-მდე ბენეფიციარი ჰყავს. ახლა მთავარი კითხვაა, რამდენად დააკმაყოფილებს სახელმწიფო დაწესებულებები გაზრდილ მოთხოვნას და ინფრასტრუქტურის კუთხით საჭირო სტანდარტებს. კიდევ ერთი სიახლეა, რომ კერძო კომპანიებს ფსიქოტროპული პრეპარატების იმპორტის უფლება აღარ ექნებათ.