მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა "კვირის ინტერვიუში" სამთავრობო და საკადრო ცვლილებების შესახებ ისაუბრა

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირველი არხის “კვირის ინტერვიუში” სამთავრობო, საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ისაუბრა.

მაია ცქიტიშვილის განმარტებით, გადაადგილებებთან და უწყებების გაერთიანებასთან დაკავშირებით, მსჯელობა საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობდა. ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ სამინისტროების შერწყმა, მმართველობის სისტემის ეფექტიანობაზეა გათვლილი და ხარჯების დაზოგვა მთავარი პრიორიტეტი არაა. თუმცა, ცქიტიშვილი ვარაუდობს, რომ ფინანსურ მხარესთან დაკავშირებით, ეკონომიკურ გუნდს აქვს გარკვეული გათვლები.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს კონკრეტულ გვარებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გუნდის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულები.